30 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გილად ერდანმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ბოლო 80 წელიწადში ვერაფერი ისწავლა და დაივიწყა, რისთვის არსებობს გაერო, ამიტომ, როცა „ყვითელ ვარსკვლავიანს“ დაინახავენ, გაახსენდებათ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე დუმილი. ისრაელის ელჩის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები „ყვითელ ვარსკვლავს“ არ მოიხსნიან, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო არ გამოფხიზლდება და „ჰამასს“ არ დაგმობს.
ბოლო დღეებში, გაეროს უშიშროების საბჭო განიხილავდა ჰუმანიტარული ხასიათის რეზოლუციის სხვადასხვა პროექტს, მათ შორის რუსეთის მიერ ინიციირებულს, რომელშიც არ იყო დაგმობილი ისრაელზე პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმა. ამის გამო, ისრაელის მოკავშირე სახელმწიფოებმა რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას არ გმობს.
ელჩმა ერდანმა და გაეროში ისრაელის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, ატარონ „ყვითელი ვარსკვლავი“, წარწერით: „აღარასდროს“ და ამ ფორმით ყველას, ჰოლოკოსტი შეახსენონ.
ცნობისთვის, ნაცისტურ გერმანიაში ებრაელებს სხვებისგან „ყვითელი ვარსკვლავით“ არჩევდნენ.